воскресенье, 4 января 2009 г.

იოსებ გრიშაშვილი


ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი წარმომადგენელი იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (მამულაიშვილი)დაიბადა 1889 წლის 12 აპრილს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში-ხარფუხში, კალატოზის ოჯახში. პოეტის პაპა, გურული გლეხი, დათია მამულაიშვილი ბატონს გამოქცევია და თბილისში მებაღედ დამდგარა. თბილისშივე დაქორწინებულა. შეძენია ცხრა ქალ-ვაჟი. იოსების მამა, გრიგოლი, მშობლების მესამე შვილი ყოფილა. პოეტის ფსევდონიმი მამის სახელიდანაა ნაწარმოები.
იოსების მამას მალე თავი დაუნებებია კალატოზობისათვის და მიკიტნობა დაუწყია. პატარა სოსო წამოიზარდა თუ არა, მამამ თავისთან ღვინის სარდაფში წაიყვანა.
წერა-კითხვა იოსებს დედამ შეასწავლა. იოსები 1904 წლიდან უკვე ლექსებს წერდა. წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ იგი მიუბარებიათ ქართულ გიმნაზიაში, რომელიც მამის გარდაცვალების გამო არ დაუმთავრებია. მისი ნაცნობები არნიშნავდნენ,რომ იოსებს ბავშვობიდანვე უყვარდა წიგნები. იგი ხარფუხის ხელოსნებს უკითხავდა ხოლმე ზღაპრულ ამბებს.
ი. გრიშაშვილი ყმაწვილობაშივე გაიტაცა თეატრმა. მან დააარსა "სცენისმოყვარეთა დასი". თვითონვე იყო დასის ხელმძღვანელი, მსახიობი, ავტორი პიესებისა. ერთხელ სპექტაკლზე სუფლიორი არ გამოცხადდა და იოსებ გრიშაშვილი მიიყვანეს შემცვლელად. ამის შემდეგ ვალერიან გუნიას თეატრში სცენაზე გამოჰყავდათ უსიტყვო როლებში, რომ ცოტაოდენი ხელფასი მიეცათ.
ი. გრიშაშვილის შემოქმედება ორ ძირითად პერიოდად იყოფა: (1905 - 1920) და (1920 - 1965).
პირველ პერიოდში დაბეჭდა მისი რამდენიმე კრებული. მათში წარმოდგენილი იყო ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებები, თუმცა შეიმჩნეოდა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც: ”ტუსაღის სიმღერა", ”ბრძოლა",
”დაჰბერე ქარო" და სხვა. ამ პერიოდის ლექსებში განსაკუთრებით აღსანიშნავია სატრფიალო მოტივი:”რა კარგი ხარ, რა კარგი," ”მაჯამა," ”ლერწამი ხარ," ”ხელთათმანის ღილი," ”საათის ისრები" და სხვა. გრიშაშვილის შემოქმედება იქცა სიყვარულის, ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადებულობის უშრეტ წყაროდ; ამიტომაც შეიყვარა ხალხმა მისი პოეზია და მის ლექსებზე ბევრი სიმღერაც ააჟღერა. გრიშაშვილს თბილისის ტრუბადურსაც უწოდებდნენ. მან არა ერთი ლექსი მიუძღვნა საყვარელ ქალაქს.
სამშობლოს სიყვარული პოეტურად ერწყმის თბილისის თემას:
”საქართველო ბეჭედია, ბაჯაღლო,
და თბილისი შიგ ჩასმული ბადაღში;
გავცქერ არეს უხინჯოს და უნკლოს,
წერეთელის დინჯ შუბლსავით გადაშლილს."
შემოქმედების მეორე პერიოდში მთავარი ადგილი დაიკავა მოქალაქეობრივმა მოტივებმა; სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო თემამაც (ციკლი ”მხოლოდ სიყვარული"). პოეტი არ ტოვებდა არც ერთ მოვლენას გამოხმაურების გარეშე: თბილისის ზღვის გახსნა, ქუთაისში ავტოქარხნის ამუშავება, აქამდე აუთვისებელი მიწების დამუშავება და სხვა. არ ივიწყებდა არც მშობლიურ ქალაქს:
”თბილისო, ჩემო თბილისო,
მითხარი, როგორ არ გაქო,
სამშობლოს ნატვრის თვალი ხარ,
გმირების დედაქალაქო...
ათას ხუთასი წლისა ხარ,
გრიალებს შენი სახელი,
რუსთავში ფეხი გაიდგი,
დიღმის მინდვრებში გახვედი...
სხვას არ გაატან შენს მიწას,
მორწყულთ პაპათა სისხლითა,
შენი უკვდავი სახელი
დარჩება მისხით-მისხითა.
შენ სულ სხვაგვარი ეშხი გაქვს,
სხვა ზურმუხტი და ლალები,
თბილისო, დედა-თბილისო,
თბილისო, გენაცვალები."
ი. გრიშაშვილის შემოქმედებაში ფართოდ აისახა სამამულო ომის თემა. მან არა ერთ ლექსი უძღვნა სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საბავშვო ლექსები. მისი ლექსების სწავლას იწყებდნენ საბავშვო ბაღიდან და გრძელდებოდა სკოლაში. მის ლექსებს დიდი ხალისი და სიხარული მოჰქონდა პატარებისთვის.
ი. გრიშაშვილი ნაყოფიერად მუშაობდა კვლევით და მთარგმნელობითი საქმიანობაში.
მისი სხარტი გამონათქვამებითა და ექსპრომტად მიძღვნილი ლექსებით აღფრთოვანებულები იყვნენ თანამედროვენი.
იოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 30 აგვისტოს, დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ი. გრიშაშვილი იყო პოეტი-აკადემიკოსი. მას მიღებული ჰქონდა არა ერთი სახელმწიფო ჯილდო, როგორც პოეტს და როგორც საზოგადო მოღვაწეს.
ორთაჭალაში, ალგეთის ქ.1-ში მდებარეობს გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი.







იოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 3 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.